PURE RIVERS-ის პროექტის გაცნობითი შეხვედრა, რომლის მიზანია შავი ზღვის აუზის სამიზნე მდინარეებში დაბინძურების შეფასება, მისი შემცირება და ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება, სტამბოლის უნივერსიტეტი-ჯერაჰფაშას მასპინძლობით გაიმართა.
Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული პროექტი აერთიანებს თურქეთის, საბერძნეთისა და საქართველოს პარტნიორ ორგანიზაციებს.
Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი PURE RIVERS – მდინარეების დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და აღდგენის ღონისძიებების პროექტი (პროექტის ID: BSB01319) ოფიციალურად დაიწყო სამუშაო შეხვედრებით, რომლებმაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ერთ სივრცეში გააერთიანა.
PURE RIVERS-ის პროექტის არსის უკეთ გასაგებად, პირველ რიგში უნდა დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რას ვხედავთ, როდესაც შავ ზღვაში ჩამავალ მდინარეებს ვუყურებთ? პასუხი ნათელია: დაბინძურება აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა — ის ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და იმ მემკვიდრეობის პრობლემაცაა, რომელსაც მომავალ თაობებს ვუტოვებთ. შავი ზღვის აუზის მდინარეები დღეს სერიოზული გარემოსდაცვითი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან დაბინძურებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციის გამო. სამწუხაროდ, გარემოს დაბინძურებას დღეს უკვე საზღვრები აღარ გააჩნია.
სწორედ ამიტომ, ეს პროექტი გამოირჩევა არა მხოლოდ როგორც სამეცნიერო კვლევა, არამედ როგორც საზღვრებს მიღმა საერთო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ინიციატივა.
PURE RIVERS პროექტი აერთიანებს სამ ქვეყანას, სამ მდინარესა და ოთხ სხვადასხვა ინსტიტუტს.
პროექტის ფარგლებში კვლევები ჩატარდება საკარიას, მარიცის (ევროსის) და სუფსის მდინარეებზე, ხოლო კვლევით საქმიანობას სამი ქვეყნის შემდეგი ოთხი ინსტიტუტი განახორციელებს:
→ სტამბოლის უნივერსიტეტი-ჯერაჰფაშა (პროექტის წამყვანი პარტნიორი, თურქეთი)
→ საკარიას გუბერნატორის ადმინისტრაცია (თურქეთი)
→ თრაკიის დემოკრიტეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
→ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (საქართველო)
30-თვიანი პროექტის ფარგლებში საქმიანობა ოთხ ძირითად მიმართულებაზე განხორციელდება:
1. დაბინძურების იდენტიფიცირება და მონიტორინგი: სამიზნე მდინარეებში დაბინძურების წყაროები და დონე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით განისაზღვრება და გაკონტროლდება.
2. დაბინძურების შემცირების სტრატეგიები: შემუშავდება და განხორციელდება პრაქტიკული და მასშტაბირებადი სტრატეგიები.
3. ეკოსისტემების აღდგენა: მდინარის ეკოსისტემები აღდგება და ბიომრავალფეროვნება დაცული იქნება.
4. ცოდნის გაზიარება: ახალი მიგნებები გაზიარდება დაინტერესებულ მხარეებთან, საზოგადოებასთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
PURE RIVERS-ის პროექტის მთავარი მიზანია წყლის ხარისხის გაუმჯობესება, მდინარის ეკოსისტემების დაცვა და მწვანე ინფრასტრუქტურის გაძლიერების გზით გარემოსა და საზოგადოებისთვის გრძელვადიანი სარგებლის შექმნა. მოსალოდნელია, რომ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული პარტნიორობა, შეგროვებული მონაცემები და შემუშავებული მეთოდოლოგიები პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს წყალშემკრები აუზების მართვის პროცესის მხარდაჭერას და პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგად დარჩება.
კომენტარის დატოვება